ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ერთ-ერთი პოლიციელი ამბობდა, შევეშვათო”: მეზობლები ნუცუბიძეზე დაღუპულის შესახებ ყვებიან

ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ადამიანი დაიღუპა, მეზობლები საუბრობენ. როგორც ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, დაღუპული მამაკაცი პერიოდულად სვამდა, თუმცა, ალკოჰოლდამოკიდებული არ ყოფილა.

“მას ორი წლის წინ ძმა მოუკვდა, ასევე ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა ბიძაშვილი, მცირეწლოვანი ბავშვი და ამის გამო ნერვიულობის ნიადაგზე სვამდა, ის კონფლიქტური არ იყო”, – ყვებიან მეზობლები.
მან გუშინ დაკავების მომენტიც გაიხსენა და აღნიშნა, მამაკაცის დაკავებაში ორი პოლიციელი მონაწილეობდა.
“ამ ორი პოლიციელიდან ერთი მიხვდა, რომ ნასვამი იყო და ამბობდა, შევეშვათო, თუმცა მეორე პოლიციელმა ხელები გადაუგრიხა და მისი დაკავება სცადა. გარდაცვლილი პირი კონკრეტულად ამ პოლიციელებს არ აგინებდა, არამედ ზოგადად გაღიზიანებული ჩანდა”, – განაცხადა მეზობელმა.

შეგახსენებთ, წუხელ, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....