ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ცათამბჯენი ტრამპის კონცეფციით: ბათუმში “სილქ თაუერი” აშენდება

“ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს და ვაშენებთ ცათამბჯენს, “სილქ თაუერის” სახელწოდებით, ბატონი დონალდ ტრამპის და ჩემი ერთობლივი ხედვით”, -ამის შესახებ, 20 ოქტომბერს, “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა, ამერიკული CNBC-ის მაღალრეიტინგულ ღია ეთერში განაცხადა, სადაც სტუმარი იყო, CNBC-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტის და გადაცემა „ფაუერ ლანჩის“ წამყვანის, მიშელ კარუზო-კაბრერას მიწვევით.

აღსანიშნავია, რომ გადაცემის პროფილია ეკონომიკა, ბაზრები, პოლიტიკა, უძრავი ქონება, ტექნოლოგიები და სხვა. „ფაუერ ლანჩი“ წარუდგენს მაყურებელს CNBC-ის ბიზნესის ახალი ამბების სრულ სპექტრს და მის სტუმრებს შორის არიან მსოფლიოს ბიზნესის და პოლიტიკის ლიდერები.

გიორგი რამიშვილმა ინტერვიუში განმარტა, რომ კომპანია ააშენებს ბათუმში ცათამბჯენს „სილქ თაუერის“ სახელწოდებით, იმ არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით, რომელიც დონალდ ტრამპთან და ტრამპის ორგანიზაციასთან იყო შეთანხმებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტის პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელთანაც გაფორმდა სავალდებულო ძალის მქონე მემორანდუმი.

ტრამპის ორგანიზაციასთან სალიცენზიო ხელშეკრულების შეწყვეტა 2017 წლის დასაწყისში მხარეთა შორის შეთანხმებით მოხდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად იქნა არჩეული.

„ეს იყო ახალი რეალობა. ბატონი ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ეს უკვე განსხვავებული სიტუაცია იყო და ჩვენ ერთობლივად, ორივე მხარის კეთილი ნებით, შევთანხმდით ამ ხელშეკრულების შეწყვეტაზე. მჯერა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი შენობის თემა, ჩემთვის ეს იყო უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები, რაც, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ერთი შენობა. ახლა დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს და ვაშენებთ ცათამბჯენს, სილქ თაუერის სახელწოდებით, ბატონი დონალდ ტრამპის და ჩემი ერთობლივი ხედვით, ზუსტად იმ არქიტექტურული კონცეფციით, რომელიც დამტკიცებული იყო ბატონი ტრამპის და ტრამპის ორგანიზაციის მიერ 2012 წელს მისი საქართველოში ვიზიტის დროს, და მე მჯერა, რომ ეს სუპერ-წარმატებული პროექტი იქნება“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი საქართველოში 2012 წლის 12 აპრილს იმყოფებოდა, როცა ბათუმში Trump Tower-ის პრეზენტაცია მოეწყო.

ტრამპის ორგანიზაციასა და “სილ ქროუდ ჯგუფს” შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში 2011 წელს გაფორმდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, ორგანიზაციასთან სალიცენზიო ხელშეკრულების შეწყვეტა 2017 წლის დასაწყისში მხარეთა შორის შეთანხმებით მოხდა.

იტვირთბა....