თბილისის მერიის შემდეგ დავით ნარმანია საქმიანობას სემეკში გააგრძელებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა „პრაიმტაიმს“ პირად საუბარში დაუდასტურეს, რომ დედაქალაქის ჯერ კიდევ მოქმედი მერი სავარაუდოდ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში გადაინაცვლებს, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამ თემაზე ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ.
მმართველ გუნდში ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე მთავრობას გიორგი მარგველაშვილისთვის მსგავსი წინადადებით არ მიუმართავს და შესაბამისად კონსულტაციებიც არ ყოფილა.
როგორც ცნობილია, სემეკის წევრობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე არჩევს, რომელსაც შემდეგ დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
ამ ეტაპზე წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის ხუთკაციან კომისიაში ორი ადგილი ვაკანტურია და სწორედ ერთ-ერთ ამ ადგილზე განიხილება დავით ნარმანიას კანდიდატურა.
სემეკი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურია. კომისიის წევრების ხელფასი პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის ხელფასებს მინიმუმ ორჯერ აღემატება. თუ ამ პოსტზე პარლამეტმა დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა, თბილისის ყოფილ მერის ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 12-13 ათასი ლარი იქნება.
ეს მაშინ, როცა თბილისის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიას ანაზღაურება დაახლოებით 3200 ლარით განისაზღვრებოდა.
ბოლო ფინანსური დეკლარაციით თუ ვიმსჯელებთ, დავით ნარმანიამ თბილისის მერის პოსტზე ერთი წლის განმავლობაში 38 160 ლარი მიიღო, რაც თვეში 3 180 ლარს შეადგენს. სემეკში გადანაცვლების შემთხვევაში კი მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 10 ათასი ლარით გაიზრდება.
აქვე გეტყვით, რომ სემეკის მოქმედი თავმჯდომარის, ირინა მილორავას წლიური ანაზღაურება 147 500 ლარია, ანუ თვეში 12 313 ლარი.
ხოლო კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის წლიური ანაზღაურება 160 700 ლარს შეადგენს, ანუ თვეში 13 392 ლარს.
primetime.ge