მეუფე დიმიტრი და მამა რევაზ სიხარულიძე ხვალ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს მოინახულებენ. ინფორმაციას საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი დეკანოზ გიორგი თევდორაშვილი ადასტურებს.
მისივე თქმით, მამა გიორგისთან საპყრობილეში შესასვლელად საშვი ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ გუშინ აიღო.
შეგახსენებთ, 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.