პოლიტიკური პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალებებაში დაადანაშაულა.
“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ საკუთარი თავის კრიტიკით. პირველ რიგში ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აკრიტიკონ ხელისუფლება და მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლების მიმართ კრიტიკა არის სამართლიანი. მე ზუსტად ვიცი რატომ წერია 2,56%. მე ამის შესახებ ბრიფინგზე ვისაუბრე. ივანიშვილს სჭირდებოდა, რომ ბურჯანაძის პარტია და ბურჯანაძე “და სხვებში” ყოფილიყო მოხსენიებული, რადგან მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს არც 3%-ის დაწერა, არც ის, რომ ჩვენ ბიუჯეტიდან 50 000 ლარს მოგვიმატებდა. მას სჭირდება, რომ ბურჯანაძე და მისი პარტია არ იყოს ნახსენები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
შალვა ნათელაშვილს გაცილებით მეტი აქვს მიღებული ვიდრე 3,27%-ა. მას ისევე გაუყალბეს არჩევნები, როგორც მე. ივანიშვილმა ცალ ჯიბეში ჩაიდო ბოკერიას პარტია და მეორეში – “პატრიოტთა ალიანსი”. – განმარტა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ პირდაპირ ეთერში გაყალბებული საარჩევნო ოქმები ფაქტობრივ დამამტკიცებელ საბუთად წარმოადგინა, რომ ხელისუფლებამ მართლაც გააყალბა არჩევნები.
“ჩვენ სარჩელებს ვამზადებთ და შევიტანთ. ჯერ სამართლებრივად მოქმედებას ვაპირებ. ისნის საარჩევნო უბნიდან 50 ხმა მოგვპარეს, როცა 56 ხმა გვქონდა აღებული და დაფიქსირებული იყო მხოლოდ 6 ხმა. ასევე კასპის საარჩევნო უბანში გვეწერა 0 ხმა. მას სუს-მა გაუბათილა ხმები, როცა ჩვენმა მაჟორიტარმა 159 ხმა აიღო. როდესაც 5 მილიარდს, ადმინისტრაციულ რესურს და ნიჰილიზმს ებრძვი, რასაც მედია თესავს, ძნელია ადამიანებს მოუწოდო ბრძოლისკენ.” – აღნიშნა ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის გუშინდელი განცხადება გააკრიტიკა:
“ჩემსა და ალეკო ელისაშვილს შორის რა განსხვავებაა, ამისი ახსნა არ გვჭირდება. გუშინ მან განცხადება გააკეთა, რომ ხელისუფლება ხალხს არჩევნებზე მიერეკებოდა და გააყალბა არჩევნებიო და ზუსტად 2 წამის შემდეგ, კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ჩინ-მედლების ხსენებით მიანიშნა, რომ შეიძლება მასთან მოლაპარაკება. სწორედ ეს განსხვავებაა ნინო ბურჯანაძესა და მას შორის.
თუ გამოვიყვანთ ხმებს იმ ოქმებიდან, რაც გვაქვს, გამოგვივა ხმების 6% საქართველოს მასშტაბით. აი, რა იქნებოდა შედეგი არჩევნები ნორმალურად, რომ ჩატარებულიყო. ბიძინა ივანიშვილი ვერ გამიყვანს ქართული პოლიტიკიდან, რაც უნდა ეცადოს. ძალიან ცდება თუ ჰგონია, რომ ამას მოახერხებს.” – განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ადგილობრივ არჩევნებში ნინო ბურჯანაძის პარტიამ და მათმა მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ საკმაოდ დაბალი პროცენტი მიიღო.
თვითმმართველობის მერის არჩევნებში თიანეთში, ოცივე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, თამაზ მეჭიაურმა 3077 ხმა მიიღო და “ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს – 50.03% (3081 ხმა).