საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის ბრალდებებს პასუხობს. კობახიძე მეჭიაურს ურჩევს, რომ თუ არსებობს ეჭვები არჩევნების სამართლიანობასთან ან ხარვეზებთან დაკავშირებით, მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს.
“თუ ვინმეს არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე კითხვები აქვს, მაშინ მან სასამართლოს ან საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა მიმართოს. ეს უფლება ნებისმიერ კანდიდატს აქვს და ვურჩევ მეჭიაურს გამოიყენოს”,-განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის მერის არჩევნებში თიანეთში, ოცივე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, თამაზ მეჭიაურმა 3077 ხმა მიიღო და “ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს – 50.03% (3081 ხმა).