”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს დაელოდება.
უდუმაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეგზიტპოლების მონაცემები არის 18:00 საათის მონაცემები და აქვს ინფორმაცია, რომ 18:00 საათის შემდეგ საარჩევნო უბნებზე ხალხის ნაკადი საკმაოდ იყო. თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ეგზიტპოლს აქვს ცდომილება.
”ის, რაც დღეს ხდებოდა მთელი საარჩევნო პროცესის დროს, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ დილიდან ვუყურებდით, როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი, ზეწოლა მოსახლეობაზე, ტოტალური კონტროლი საარჩევო უბნებზე ”ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც აპირებდნენ მოსვლას არჩევნებზე, ურეკავდნენ და აშინებდნენ. ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც „ქართული ოცნება“ წავიდა ქართველი ხალხისა და თბილისელების წინააღმდეგ.
ჩვენ დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ეგზიტპოლის შედეგები არის 18:00 საათისთვის არსებული მონაცემები. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ორ საათში საკმაოდ დიდი იყო ხალხის რაოდენობა. ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა. ამიტომ, ვიძახით და ვაცხადებთ, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც იმყოფება საარჩევნო უბნებზე და კომისიებში, დავიცვათ ჩვენი ხმები ბოლომდე, რათა არ მივცეთ ხმების ტოტალურად გაყალბების საშუალება „ქართულ ოცნებას”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია „ქორთიარდ მერიოტში“ იმართება. “ედისონ რისერჩის” ინფორმაციით, ცდომილება 3%-იქნება.
პირველ ადგილზე 54%-ით არის კახი კალაძე, 15% -ზაალ უდუმაშვილი, 14%- ალეკო ელისაშვილი.