“ნაციონალური მოძრაობის” ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, სამირა ისმაილოვას თქმით, არჩევნები ბოლნისში დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.
სამირა ისმაილოვას განცხადებით, ვითარება განსაკუთრებულად დაძაბულია ბოლნისის რაიონის რამდენიმე სოფელში. მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრები უბნებიდან საარჩევნო კომისიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აძევებენ.
ისმაილოვას განცხადებით, “ენმ”-ს წევრები ცდილობენ საჩივრები დაწერონ არსებულ დარღვევებზე, თუმცა ამის საშუალებას მათ “ქართული ოცნების” წევრები არ აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.
თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.
იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.