ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”: დამკვირვებლებს დაემუქრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლების ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ეკა გიგაურის განცხადებით, 50-მდე დარღვევიდან სამი საჩივარი უკვე დაიწერა, რომელიც ამომრჩეველზე არაპირდაპირ ზეწოლას უკავშირდება.

“ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლა საარჩევნო უბნებზე ამ დროისთვის ყველაზე პრობლემურია, რომელიც თბილისის ყველა ოლქში ფიქსირდება. თითქმის ყველა იმ უბანზე, სადაც ჩვენი დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, კომისიის რეგისტრატორ წევრებს თავზე ადგანან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები, რომლებიც სამაგიდო სიებიდან აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს რიგითი ნომრებით. ამ მხრივ, ძირითადად აქტიურობენ „ქართული ოცნებისა” და „მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები. სამაგიდო სიიდან ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერით, სუბიექტის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, კედლის სიაში მისი შედარებით მიიღონ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი იმ პირის, რომელმაც მისცა ხმა. აღნიშნულმა ფაქტმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ქმედება გამოიყენონ ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის,”- განაცხადა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, დამკვირვებელმა მიაწოდეს #3 საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესთან ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიო ჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაუკავშირდა “ქართულ ოცნების” წევრს, რომელმაც უთხრა, რომ რიგითი ნომრების ჩაწერა პრობლემა არ არის, მთავარია, რომ პირადი ნომერი არ ჩაინიშნონ.

“შეუძლებელია გაკონტროლდეს, კონკრეტული პირი იწერს მხოლოდ ამომრჩევლის სიით ნომერს, თუ მასთან ერთად პირად ნომერსაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენი აზრით, სწორ განმარტებას არ წარმოადგენს. ამ ტიპის დარღვევებზე ჩვენ მიერ ყველა უბანზე დაიწერება შესაბამისი საჩივარი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ცენტრალურ საარჩევნო კომიას მსგავსი ქმედებების აღკვეთისკენ მოუწოდა.

მისივე განცხადებით, დამკვირვებლებს დაემუქრნენ. ” სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #64 უბნის გარეთ სავარაუდოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. სამგორის #6 საარჩევნო ოლქის #85 და #43 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის წევრები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მცირე ხნის შემდეგ კომისიამ შეუშვა დამკვირვებლები. დიდუბის #8 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ფუნქციათა გადასანაწილებელ კენჭისყრაში, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ მაინც მისცა მას საშუალება, სასურველი ფუნქცია შეესრულებინა. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი. კრწანისის #4 საარჩევნო ოლქის #24 უბანზე საკონტროლო ფურცელზე ხელი მოაწერა პირველმა ამომრჩეველმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პირი არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი. გლდანის #10 საარჩევნო ოლქის #10 უბანზე კომისიამ ხმის მიცემის უფლება მისცა ერთ-ერთმა ამომრჩეველს, რომელსაც თითზე მარკირება აღენიშნებოდა. ამ დარღვევაზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....