“ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში 2017 წლის არჩევნების განმსაზღვრელ ფაქტორებზე ისაუბრა, კონკრეტულად – ბიძინა ივანიშვილზე.
ტუღუშის განცხადებით, ივანიშვილის ნაკლებად ჩარევა უკეთესია ამ არჩევნებისთვისა და ქვეყნის განვითარებისთვის.
“არ შეიძლება ჩვენ იმ ლოგიკით ვიფიქროთ, რომ ვიღაც ერთი ჯოკერია, რომელიც ყველაფერს წყვეტს, რომ ის არის დამაბალანსებელი, მმართველი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს არ მოსწონს ასეთი როლის თამაში, მიუხედავდ იმისა, რომ მან გარკვეულ პერიოდში თავის თავს უთხრა, რომ ეს როლი ეთამაშა. მთელი პარტიებისა და სისტემების არჩევის დროს, თან ვიფიქროთ, რომ ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალზე უარს ვამბობთ.” – კომენტარი გააკეთა ლაშა ტუღუშმა.
ლაშა ტუღუშის თქმით, ის დრო დადგა, როდესაც ამ ადამიანებმა, რომლებიც ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტიის სახელით არჩევნებში გამოდიან, მის დამოუკიდებლად სერიოზული ნაბიჯები გადადგან.
“დღეს ჩვენ ვხედავთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, როდესაც მაგალითად, დებატებს ვუყურებთ და ვხედავთ ვის რა შესაძლებლობები აქვს. აშკარად წინ წავედით. დღეს ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, ეს არ არის ის სტანდარტი რაც დასავლეთშია, მაგრამ არ არის ის, რაც იყო ადრე. პასუხისმგებლობა მერობაზე ივანიშვილმა კი არ უნდა აიღოს, არამედ მერობის კანდიდატმა და პარტიამ უნდა აგოს პასუხი. ქვეყანას ასეთი ტიპის მმართველობა არ სჭირდება. ადამიანებზე და სისტემებზე ორიენტირებული მმართველობა გვჭირდება” – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ტუღუშმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე კონკურენტულ არჩევნებს აქვს სერიოზული პრობლემები. მისი აზრით, მთავარი პრობლემა ფულის დისპროპორციულობას უკავშირდება, როდესაც ერთ პარტიას აქვს 12 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენ ყველას ერთად 2 მილიონი.
“თვითმმართველობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. ამისთვის გადამწყვეტია ფული, ადამიანები და როგორ მუშაობს მედია. მე ვხედავ, რომ მედიამ წინ გადადგა ნაბიჯები, თუმცა ტელევიზიებმა ხანდახან თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ უნდა ისაუბროს, სრულიად სხვა თემებს აშუქებს,” – განაცხადა ტუღუშმა.