ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი და მისი მომხრეები პოროშენკოს სასახლესთან ინაცვლებენ

უკრაინაში, კიევის ცენტრში ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება. მიხეილ სააკაშვილი და “ახალი ძალების მოძრაობის” მხარდამჭერები, უკრაინის რადას შენობიდან, პრეზიდენტ პოროშენკოს სასახლესთან მისვლას გეგმავენ.  აქციის მონაწილეები დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას მოითხოვენ.

ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს, რომლებიც რადასთან მიმდინარე აქციაზე დღეს დილიდან იკრიბებიან, პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმას, რამდენიმე წუთში გააცნობენ. დაგეგმილია საინფორმაციო მიტინგი.

„დღეს ალბათ დეპუტატების ის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვეხმარება მივა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და წაუყენებს პირობას პრეზიდენტს, რომ შეიტანოს მთავარი კანონპროექტი ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის შესახებ, დეპუტატების იმუნიტეტის და ხელშეუხებლობის თაობაზე და მესამე შეცვალოს საარჩევნო კანონი. თუ ეს არ მოხდა ამის მიზეზი უკვე იქნება პრეზიდენტი. ჩვენი პარტია კარგ ფორმაშია, ძალიან გვაგონებს „ნაციონალურ მოძრაობას“ 2001 – 2002 წლებში, ოღონდ უფრო მრავალრიცხოვანს და შედეგი აუცილებლად მიღწეული იქნება,“-განაცხადა დავით საყვარელიძემ.

ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე ასეული სამართალდამცველი და ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლები იცავენ. მიმდინარეობს ყველა შემომსვლელის ჩხრეკა.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, რადაში მმართველი გუნდის წარმომადგენელთა კონსულტაციები მიმდინარეობს, დაიწყება თუ არა იმ კანონპროექტების განხილვა, რომელიც ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს წარმოადგენს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით კი აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ არ მოხდება მოთხოვნების შესრულება.

„თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ხალხი არ დაიშლება, რადგან ხალხი მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოსული. ისინი აქ გამოსაზამთრებლადაც კი არიან მზად. ხალხს არ სურს დანიშნოს რაღაც ფირმა, რომელიც დაიკავებს სამთავრობო ადგილებს და დაიწყებს ბიუჯეტის ხარჯვას. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვთხოვთ, რომ ხელისუფლებამ სამი მოთხოვნა შეასრულოს, რომელსაც თვითონ დაგვპირდნენ,“-აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ლეშჩენკო.

იტვირთბა....