სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა. მეწყერსაშიშროების გამო, საფრთხე შეექმნა 18 ოჯახს, დღეისათვის 10 მათგანი ევაკუირებულია.
მდგომარეობას ადგილზე გეოლოგები სწავლობენ, რის შემდეგაც გადაწყდება, შეძლებენ თუ არა დაზარალებულები სახლებში დაბრუნებას.
მეწყერის გამო ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემები შეექმნა როგორც სასოფლო, ასევე ცენტრალურ გზებს. დაზიანდა რამდენიმე ხიდი. გზების გასაწმენდად მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ამ დრომდე უშუქოდ არის დარჩენილი 800-მდე აბონენტი. წყალი არ მიეწოდება ქობულეთის მოსახლეობის ნაწილს და ბათუმში იმ 2 000 ოჯახს, რომლებიც ძველი ქსელით მარაგდებიან.
პრობლემა სათავე ნაგებობაზე ადიდებულმა მდინარე ჩაქვისწყალმა შექმნა. აჭარის მთავრობასთან მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო სპეციალური შტაბი, რომელიც ზარალს დაითვლის.