უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ უკრაინიდან მიხეილ საააკშვილის გაძევება მოითხოვა. ლიაშკოს განცხადებით, ომის პირობებში, დედაქალაქში ქაოსის მოწყობა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ დანაშაულია.
ლიაშკოს განცხადებით, სააკაშვილი და “ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ.
“სამართალდამცვმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გააძევონ აპარტიდი სააკაშვილი საქართველოში და უკრაინის კორუფციის ბოროტ ჯადოქარს- ტიმოშენკოს შეფასებას თავად უკრაინელები მისცემენ” წერს ლიაშკო “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ კიევში, უმაღლესი რადას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ასობით აქტივისტმა კარვები გაშალა და მთელი ღამის განმავლობაში დემონსტრაციის ადგილზე იმყოფებოდა.
გვიან ღამით პოლიციასა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გადაიზარდა. ამჯერად შეტაკებები სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვა.
პოლიციამ დემონსტრანტებს მოუწოდა, რადას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული ბარიკადები მოეხსნათ, რასაც აქტივისტები არ დაემორჩილნენ. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რეზიდენციასთან სპეცრაზმია მობილიზებული.
აქცია რეფორმების გატარების მოთხოვნით იმართება. დემონსტრაციის ორგანიზატორი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფია, მათ შორის ავტომაიდანი, საპარლამენტო ფრაქციები „სამაპომოში“ და „ბატკივშინა“, ასევე ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაარსებული „ახალი ძალების მოძრაობა“.