დღეს, დღის 12:00 საათზე საკაბელო ტელევიზიების კავშირში შემავალი კომპანიები პროტესტის ნიშნად რამდენიმე ქართულ ტელეარხს, კერძოდ – „რუსთავი 2“,-ს „კომედი არხს“, „მარაოს“, „იმედს“, „მაესტროსა” და „ჯიდიესს“ გათიშავენ.
ამის მიზეზად ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნა სახელდება. როგორც საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ დამატებითი დეტალები , თუ რომელი საკაბელო ოპერატორი გათიშავს არხებს, დღეს დაგეგმილ პრესკომფერენციაზე გახდება ცნობილი. მათივე ცნობით, პრესკონფერენციას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები გამართავენ.
ამასთან, ირკვევა, რომ საკაბელო ტელევიზიების კავშირის საპროტესტო აქციას, რომელიც რამდენიმე ქართული არხის გათიშვას გულისხმობს, „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ არ უერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ათეულ საკაბელო ოპერატორს შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან” წერილი მიუვიდა, რომლის თანახმადაც, კომპანია აცხადებდა, რომ ჰქონდა ექსკლუზიური უფლება სამაუწყებლო არხების – „იმედი”, „რუსთავი 2″, „ჯიდიესი”, „მარაო”, „კომედი არხი”, „მაესტრო” კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.
წერილში „მედია რაითს ჯორჯია” ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. “მედია რაითს ჯორჯიასა” და საკაბელო ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.