ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორ აღმოჩნდა სათვალთვალო კამერიანი პიროვნება ე.წ. მაყალთან, ისევ გვისმენენ?”: ელისაშვილის შტაბი ფარულ ვიდეოზე 

“ეს იყო ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შეხვედრა”- ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გაზეთ PrimeTime-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე აცხადებს, რომელშიც ასახულია მასსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შორის შეხვედრის კადრები.

გაზეთის ინფორმაციით, ფარული ვიდეო მასალა თბილისში, რესტორან “ურმულშია” გადაღებული.

ელისაშვილი განმარტავს შეხვერის მიზეზებს და ამბობს, რომ  ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შედგა, რადგან ოქრუაშვილის მეგობრებს მისი პირადად გაცნობა სურდათ:

„წინასაარჩევნოდ, მე შევხვდი ათასობით და ათიათასობით ადამიანს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის ორგანიზატორი იყო ირაკლი ოქრუაშვილი. მან შემახვედრა მისი ბავშვობის მეგობრები, ნახალოვკელები, დაახლოებით 30 კაცი იყო, ვისაც ჩემი გაცნობა უნდოდა. შევხვდი, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მე მათ ვუხსნიდი რას ვაპირებ, როგორ ვაპირებ. ნახევარი საათის შემდეგ ის სივრცე დავტოვე. ეს იყო ღია, აბსოლუტურად გახსნილი შეხვედრა. საჯარო სივრცეში მივედი, არანაირი კონფიდენციალური შეხვედრა არ იყო. გულდასაწყვეტი ამბავი არის ის, რომ უშიშროება, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს მტრებს დასდევდეს, ასე რესტორან-რესტორან დამდევს და იღებს შეხვედრებს და მერე ავრცელებს, საქმეს მიხედონ. ეს იყო ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შეხვედრა. ამის შესახებ, მეორე დღეს facebook-ზე დაწერა კიდეც, რომ ეს შეხვედრა იყო. ჩემი დაფინანსება ხდება ძალიან გამჭვირვალედ, არც ოქრუაშვილი და არც სხვა ვინმე ფარული გზებით არ მაფინანსებს,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ელისაშვილის საარჩევნო შტაბის წევრმა, მისი პრესსამსახურის უფროსმა ლაშა მესხმა. მისი თქმით, შეხვედრა საჯარო სივრცეში შედგა და დასამალი არაფერი იყო:

“ელისაშვილი და ოქრუაშვილი ერთმანეთს ოქტომბრის დასაწყისში შეხვდნენ. რადგან ამ ყველაფერში დასამალი და საიდუმლო არაფერი იყო. შეხვედრა საჯარო სივრცეში, კერძოდ რესტორან „ურმულში“ შედგა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია იმ დღეებშივე გაავრცელა თავად ირაკლი ოქრუაშვილმა “ფეისბუკის” მეშვეობით, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბავშვობის მეგობრებთან ერთად გამართულ ვახშამზე მიიწვიეს მერობის კანდიდატი და მოხდა მხოლოდ გაცნობა!

დასამალი ჩვენ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არაფერი გვაქვს – თუმცა დღეს საგანგებოდ გავრცელებულ „ექსკლუზიურ კადრებს“ , რომელსაც სპეცსამსახურების სუნი ასდის მხოლოდ პროვოკაციად ვაფასებთ. საგულისხმოა ის ფაქტი, თუ როგორ აღმოჩნდა სათვალთვალო კამერიანი პიროვნება ე.წ. მაყალთან? ისევ გვისმენენ?

მივმართავთ ძვირფას ძალოვნებს – ეგებ თქვენი რესურსები სხვა უფრო „ფარულ“ და საფრთხისშემცველ მოვლენებს დაუთმოთ!”- წერს მესხი facebook-ზე.

შეგახსენებთ, გაზეთმა PrimeTime-მა გაავრცლა ფარული კადრები, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ხვდებიან.

იტვირთბა....