თბილისში მოვლენათა და სპორტული ტურიზმის სართაშორისო კონფერენცია ჩატარდა. როგორ წარიმართა ღონისძიება და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს სპორტული ტურიზმის ბაზარზე, – ამ და სხვა “მეტრონომის” კითხვებს, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი, ზურაბ ბოქოლიშვილი პასუხობს:
“მეტრონომი” : თბილისში ჩატარდა მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, როგორ შეაფასებდით მას?
ზურაბ ბოქოლიშვილი: მადლობა კითხვისთვის. კონფერენციამ სრულად გაამართლა მოლოდინები, უმაღლესი კლასის სპიკერატი, დაინტერესებული აუდიტორია, მომავალი თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივა, ყველა ის მიზანი, რასაც კონფერენციის გამართვა მიზნად ისახავდა, შესრულებულია და განვითარების პროცესშია. უდიდესი სპორტული და საკომუნიკაციო კომპანიების Newman business consulting, spn communication, iron star, s10run, ხელმძღვანელებმა, ძალიან საინტერესო, პრაქტიკული პრეზენტაციები ჩაატარეს, მათი გამოცდილება დაგვეხმარება, რომ ჩვენ სწორად შევძლოთ საქართველოს პოზიციონირება მსოფლიო სპორტული ტურიზმის ბაზარზე.
– როგორი პერსპექტივა აქვს ამ კუთხით საქართველოს და რა ნაბიჯები იგეგმება შემდგომი განვითარებისთვის?
– პერსპექტივა მართლაც დიდი გვაქვს, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის, კლიმატური პირობების, რელიეფის და განვითარებული სატრანსპორტო ლოჯისტიკიდან გამომდინარე. უბრალოდ, სწორად უნდა გაუკეთდეს ანალიზი და შემუშავდეს რეკომენდაციები სასტუმროებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მოხდეს იმ ბარიერების და კონკურენტული გარემოს შესწავლა, რომელიც არსებობს სპორტული ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში, უნდა მოხდეს მიზნობრივი, პოტენციური ქვეყნების განსაზღვრა და მათი დივერსიფიკაცია, იმ და ისეთი სპორტული მოვლენების დაგეგმვა და მათი ორგანიზების ტრადიციად ქცევა, რომლებსაც რეალურად, ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ქვეყნისთვის.
უახლოეს პერიოდში საქართველოში დაფუძნდება სპორტული ტურიზმის ალიანსი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან Newman business consulting, blue rock, entersport და სხვებთან ერთად, ზუსტად ამ კონცეფციის შექმნაში,- საკონსულტაციო მომსახურებაში, სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული.
– რამდენად დიდია ამ მხრივ სახელმწიფოს დაინტერესება?
– რა თქმა უნდა, დიდია სახელმწიფოს დაინტერესება. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩრთულები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საპარტნიორო ფონდი, აწარმოე საქართველოში. ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ ის თანამედროვე ტრენდები და გამოწვევები, რაც დღევნდელ სამყაროშია. უნდა იყოს ზუსტი, არგუმენტირებული პოზიციონირება ჩვენი შესაძლებლობების და გარწმუნებთ, ძალიან მალე, საქართველო ამ კუთხითაც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა გახდება.