ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

21 მლნ ბიტკოინი: რა არის ბიტკოინი და სულ რამდენის გამომუშავებაა შესაძლებელი

ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ვირტუალური ვალუტით ბიტკოინით სარგებლობა. მისით უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა, ორგანიზაცია და ინსტიტუტი სარგებლობს, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია ბიტკოინის შექმნის მიზანი და ახალი ვალუტის შეძენის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ბიტკოინი 2008 წელს ერთი პროგრამისტის ან პროგრამისტთა ჯგუფის მიერ სატოში ნაკამოტოს სახელით შეიქმნა, რომლის ვინაობა დღემდე უცნობია (თუმცა 45 წლის ავსტრალიელი კომპიუტერული მეცნიერი და გამომგონებელი კრეიგ სტიველ ვრაითი აცხადებს, რომ სწორედ ისაა ბიტკოინის დამფუძნებელი ნაკამოტოს სახელით და მზადაა, ეს დაამტკიცოს).

აღნიშნული ვირტუალური ვალუტის დაფუძნების მიზანი გამოსაყენებლად მარტივი საკრედიტო და სადებეტო ბარათების შექმნა იყო, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემდა ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოეყენებინა.
რაც შეეხება ბიტკოინით სარგებლობის წესებს, მას ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან შეიძლება. მსგავსად ტრადიციული ვალუტებისა (დოლარი, ევრო, იენი და ა.შ.) შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის თუ სერვისის ელექტრონულად შესყიდვა. თუმცა განსხვავებით ჩვეულებრივი ვალუტებისგან ბიტკოინი გამოირჩევა დეცენტრალიზებით. ბიტკოინის ქსელის გაკონტროლება არცერთ ინსტიტუციას არ შეუძლია. აღნიშნული მახასიათებელი ბიტკოინის მომხმარებლებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ტრანზაქციების განხორციელების პროცესს, რადგან აბსოლუტურად დამოუკიდებელს ხდის მას მსხვილი ბანკებისგან.

ბიტკოინი ამ კუთხითაც ძალიან განსხვავდება ტრადიციული ვალუტებისგან, რომ ეს არ არის ვალუტა, რომელიც იბეჭდება ცენტრალური ბანკების მიერ, რომლებსაც რიგ შემთხვევებში შეუძლიათ ისარგებლონ ხელთ არსებული ბერკეტებით და საკუთარი ვალუტის გაუფასურებით დაფარონ სახელმწიფო ვალი.

ბიტკოინი იწარმოება/იქმნება ციფრულად, ადამიანების მიერ, რომლებსაც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება შეუერთდეს. წარმოების პროცესს მაინინგი ეწოდება და იგი გულისხმობს რთული მათემატიკური ალგორითმების ამოხსნას კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც სპეციალურ ქსელშია გაშვებული. ქსელი ვირტუალური ვალუტით შესრულებული ტრანზაქციების პროცესისთვის გამოიყენება და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

პროტოკოლის თანახმად, ჯამში შესაძლებელია მხოლოდ 21 მლნ ბიტკოინის გამომუშავება. უშუალოდ ბიტკოინი კი თავის მხრივ იყოფა მცირე ერთეულებად. მისი უმცირესი მოცულობა ასი მემილიონედი ბიტკოინი, შემქმნელის, „სატოშის“ (Satoshi), სახელს ატარებს.

ბიტკოინის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს რამდენიმე საკითხი: ყველაზე მარტივი ოპერაციის, საბანკო ანგარიშის გახსნის შესასრულებლად ჩვეულებრივი საბანკო სტრუქტურები მომხმარებლებს საკმაოდ ხანგრძლივ და ხელოვნურად გართულებულ პროცედურებს ატარებენ. რაც შეეხება ახალ კრიპტოვალუტას, ბიტკოინის მისამართის შექმნა წამებშია შესაძლებელი. მომხარებელი სრულიად თავისუფალია და არანაირი საკომისიოს გადახდა არ უწევს. ამასთანავე, ერთ მომხმარებელს ბიტკოინის რამდენიმე მისამართის ქონის შესაძლებლობა აქვს. მისი ანონიმურობა სრულადაა დაცული, რადგან იგი არაა მიბმული ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე.

ვალუტის გადარიცხვა სპეციალური დაცული სერვერების, ბიტკოინ მაინერების საშუალებით ხდება. მომხმარებელს აქვს საშუალება, თითოეული გადარიცხვის დროს ახალი 33-სიმბოლოიანი გასაღების საშუალებით ისარგებლოს და ამით საკუთარი ანონიმურობა დაიცვას. ბიტკოინის ქსელი ყველა ტრანზაქციის შესაბამის ჩანაწერს ინახავს მონაცემთა საერთო ბაზაში, რეესტრში, რომელსაც Blockchain ეწოდება.
ნებისმიერ ქსელში ჩართულ ადამიანს შეუძლია, ნახოს და თქვას რამდენი ბიტკოინი ირიცხება კონკრეტულ მისამართზე, მაგრამ შეუძლებელია განსაზღვროს ვის ეკუთვნის ეს მისამართი, რადგან ბიტკოინ მისამართი არ შეიცავს მფლობელის პირად მონაცემებს. საკუთარი აქტივობების მეტი ანონიმურობისთვის, მოხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს ერთი და იგივე ბიტკოინ მისამართი ყოველი ტრანზაქციის შესრულებისას და არ უნდა გადარიცხოს ბიტკოინების დიდი რაოდენობა ერთ კონკრეტულ ბიტკოინ მისამართზე.

ასევე, თუკი ბანკები საერთაშორისო ფულად გზავნილებზე საკმაოდ დიდ საკომისიოებს აწესებენ, ბიტკოინების შემთხვევაში ტრანზაქციის საკომისიო მიზერულია. მსოფლიოს ნებისმიერი ერთი წერტილიდან მოხმარებელს ეძლევა საშუალება, ბიტკოინის მეშვეობით მხოლოდ რამდენიმე წუთში გააგზავნოს ფული ნებისმიერ ადგილზე.
ბიტკოინით სარგებლობა სულ უფრო და უფრო მზარდ ტენდენციას იღებს. მისით და მისი გადახდის სისტემით, ბლოკჩეინით, უკვე არაერთი მსხვილი ბანკი სარგებლობს, რადგან ბიტკოინით ტრანზაქციების წარმოება ასე უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული სისტემებით. ბლოკჩეინის სისტემა განსაკუთრებით გამოყენებადია ქონების რეგისტრაციისთვის.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველომ აპრილში გააფორმა მემორანდუმი ბლოკჩეინთან, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან მოყოლებული უძრავი ქონების რეგისტრაციისა და გაყიდვისას მისი გამოყენება დაიწყება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინს ქონების რეგისტრაციისთვის გამოიყენებს. პროექტის შედეგად, ქვეყანაში ქონების რეგისტრაციის საფასური 95%-ით მაინც შემცირდება. ბიტკოინი საქართველოში გასულ წელს შემოვიდა, თუმცა საზოგადოებისთვის ის ნაკლებადაა ცნობილი.

ბიტკოინი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება ბოლოდროინდელი ეკონომიკური კრიზისების ფონზე. იზრდება იმ ორგანიზაციათა რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ ვალუტასთან ერთად ბიტკოინსაც იღებენ.

eMoney-მ გასულ წელს დაიწყო მომხმარებლისთვის ბიტკოინების შეძენის სერვისის შეთავაზება. ბიტკოინისა და, ზოგადად, კრიპტოვალუტის გამოჩენამ ბევრ ქვეყანას თავსატეხი გაუჩინა. ქვეყნების უმრავლესობა კრიპტოვალუტას დადებითად უყურებს, მაგალითად, აშშ და დიდი ბრიტანეთი, მიიჩნევენ რა მას ახალ ტექნოლოგიურ მიღწევად. თუმცა ზოგიერთი სხვა ქვეყანა (მაგ., კანადა და ავსტრალია) ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა, რა „იარლიყი მიაკრას“ ბიტკოინს. რამდენიმე ქვეყანაში კი ის პრაქტიკულად აკრძალულია.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი აკრძალა ბოლივიაა. 2014 წლის ივნისში მისმა ეროვნულმა ბანკმა დებულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც იკრძალება ტრანზაქციები ყველა იმ ვალუტით, რომელიც არ არის გამოშვებული და კონტროლირებად ადგილობრივი ან სხვა მთავრობის მიერ. კიდევ ერთი ასეთი ქვეყანაა ბანგლადეში, სადაც ციფრული ვალუტის გამოყენება 12 წლამდე ციხეში თავისკვრით დაისჯება. ბიტკოინის გამოყენებას კრძალავს ეკვადორიც, ინდოეთი, ტაილანდი, ვიეტნამი და სხვა რამდენიმე ქვეყანა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ორი სახელმწიფო – რუსეთი და ჩინეთი. მაშინ, როდესაც რუსული რუბლი დევალვაციას განიცდის, რუსეთის მთავრობისა და ბანკებისთვის არც ისე მისაღები აღმოჩნდა ბიტკოინის საკუთარ ბაზარზე შემოტანა. რაც შეეხება ეკონომიკურ გიგანტ ჩინეთს, მართალია, ბიტკოინი არალეგალურად არაა გამოცხადებული (პირიქითაც, ჩინეთი ბიტკოინის სავაჭრო მარკეტის უდიდეს მომხმარებლად იქცა), მაგრამ მის გამოყენებას გარკვეული შეზღუდვები აქვს საბანკო სერვისებით სარგებლობის დროს.

ჩინეთის ცენტრალური ბანკის 70 პროცენტი მთავრობის მფლობელობაშია, შესაბამისად, ჩინეთის მთავრობა დიდწილად აკონტროლებს ბიტკოინების მოხმარებას და საბანკო ინსტიტუტებსა და მის თანამშრომლებს უკრძალავს ბიტკოინით ბიზნესში სარგებლობას ბანკების მეშვეობით.

დღესდღეობით დაახლოებით 400-ზე მეტი ციფრული ვალუტა არსებობს. ბიტკოინის გარდა, სხვა კრიპტოვალუტებია Dogecoin and Philosopher Stones. ბევრი კრიპტოვალუტა კი სპეციფიკური ჯგუფების ინტერესებისთვისაა შექმნილი (RainbowCoin, CorgiCoins, BBQCoins) ბიტკოინი კი ყველაზე ცნობილი და გავრცელებულია მათ შორის.

რაც შეეხება ბიტკოინის უარყოფით მხარეებს. ბიტკოინი განსაკუთრებით საინტერესო გახდა შავი ბაზრის მომხმარებლისთვის, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის 20-22 პროცენტს შეადგენს და არაა გამორიცხული, ის ბიტკოინის მოხმარებაზე გადავიდეს, რაც სამართალდამცავებს დიდ თავსატეხს გაუჩენს (რადგან, როგორც ითქვა, მას ვერც ერთი სახელმწიფო ორგანო თუ სხვა სახის ინსტიტუტი ვერ აკონტროლებს, მოხმარებლის ანონიმურობა კი დაცულია).

ასევე მისი მეშვეობით შეიძლება ბოროტად ისარგებლონ ფულის გამთეთრებლებმა და დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებმა. მართალია, თანდათან ბიტკოინი ფეხს იკიდებს მსოფლიო და სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე, მაგრამ ის საყოველთაოდ მიღებული ვალუტა მაინც არაა. ბევრი ქვეყნის მთავრობამ კი შეიძლება აიძულოს მყიდველები, არ გამოიყენოს ბიტკოინები, მომხმარებლის ტრანზაქცია რომ არ დაზარალდეს.

თუკი მყარი დისკი გამოვა მწყობრიდან ან კომპიუტერულ ტექნიკას სხვა სახის პრობლემები შეექმნება, ბიტკოინის საფულე, შესაძლოა, დაიკარგოს. ბიტკოინის უარყოფით მხარედ მისი არამდგრადობა მიიჩნევა. ტრადიციულ ვალუტებთან შედარებით ის უფრო მერყევია. სწორედ ამიტომ მას ბევრი ეკონომისტი ეჭვის თვალით უყურებს. მათი აზრით, ბიტკოინის მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მას სტაბილური ღირებულება არ აქვს და უფრო მეტად დროებითი გადარიცხვებსთვისაა განკუთვნილი. ბიტკოინმა თავიდანვე მიიღო ტრადიციული სამონეტო ღირებულების ექვივალენტი.

The New Liberty Standard-მა ერთი შემდეგნაირად განსაზღვრა ბიტკოინის ღირებულება $1 = 1,309 BTC. 2011 წლის ივნისში კი ვალუტის ღირებულება უკვე 2 დოლარი იყო, 2013 წლის აპრილში კი 260-ს გაუტოლდა. ბიტკოინის ფასი მალევე დაეცა 130 დოლარამდე. დღეისთვის მისი ღირებულება კი 450 დოლარამდეა.

მყიდველი ნაკლებადაა დაცული, როდესაც ბიტკოინებით რამის ყიდვას ცდილობს. თუკი გამყიდველი ბიტკოინების მიღების შემდეგ საქონელს არ გააგზავნის, ტრანზაქციის დასასრულებლად მომხარებელს პრობლემები შეექმნება. ასევე მარტივად მისახვედრია, რომ მას ინტერნეტის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში ვერ გამოიყენებთ და ამ შემთხვევაში მისი ტრადიციულ ვალუტებზე გადაცვლა მოგიწევთ, მისი ფასის მერყევადობის გამო კი ეს შეიძლება მომხარებელს ძვირადაც კი დაუჯდეს.

იმის გამო, რომ ბიტკოინს ვერავინ აკონტროლებს, მის მინიმუმ ღირებულებას ვერავინ უზრუნველყოფს. ეკონომიკაში არსებობს ტერმინი ეკონომიკური ბუშტი, რომელიც გულისხმობს, რომ ბაზარზე ახალი პროდუქტის შემოსვლით მასზე ძალიან იზრდება მოთხოვნა, თუმცა მასზე მთხოვნელთა დიდმა რიცხვა შეწყვიტოს მისი ერთბაშად მოხმარება, რის გამოც მასზე ეცემა მოთხოვნა, შესაბამისად, – ფასიც, რის გამოც ის მომხარებლები, რომლებმაც საკუთარი ინვესტიცია ბიტკოინზე დააფუძნეს, დიდად იზარალებენ. თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში მაინც ბიტკოინის ბუშტი გასკდეს, რადგან ჯერ მასზე მოთხოვნა ისევ იზრდება და ნაკლებად შეინიშნება ეკონომიკური ბუშტის ტენდენციები.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უნდა ითქვას ბიტკოინზე მისი დეფლაციის პოტენციალია. ბიტკოინების საერთო რიცხვი დაახლოებით 21 მილიონია, თითოეული ბიტკოინი დროთა განმავლობაში უფრო დიდ ღირებულებას იღებს (მიუხედავად იმისა, რომ იგი მერყევია, მისი ღირებულება დადებითი ტენდენციით ხასიათდება), რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ადრეული შემსყიდველები უფრო მეტად მოიგებენ, თუმცა მის მომხარებელს უჭირს გადაყწვეტილების მიღება, როდის დახარჯოს იგი, რადგან მისი ღირებულებას მზარდი ტენდენცია აქვს გრძელვადიან პერიოდში.

ავტორი: გურამ ფცქიალაძე

observer.com.ge

იტვირთბა....