კონგოში დატყვევებული იოსებ ოსორაულის ძმა ოფიცერი გიორგი ოსორაული შეიარაღებულ ძალებს ტოვებს. გიორგი ოსორაული შეირაღებულ ძალებში 10 წელი მსახურობდა.
გიორგი ოსორაულის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ მისი ტყვეობაში მყოფი ძმის დასახსნელად არაფერი გააკეთა. ოსორაული, ასევე, ტყუილში საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ადანაშაულებს.
“რუსთავი2″-თვის მიცემულ ინტერვიუში ოსორაული ჰყვება, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლები ატყუებდნენ და საპროტესტო აქციების შეწყვეტას სთხოვეს.
„კაცს ეძებენ, როგორც დაღუპულს და კონგოში მყოფი გენერლები, ვინც იქ მყოფ ქართველებს ეუბნებიან, რომ ეს კაცი არის ცოცხალი და ვმუშაობთ ამ საკითხზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს. ჩასვლაა იქ საჭირო მეთქი,” – ამბობს გიორგი ოსორაული.
ოსორაული აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა სამხედრო პირის მიერ გამართული საპროტესტო აქცია.
„დრო მოიგეს ამით. უბრალოდ, არ სჭირდებოდათ, რომ მოქმედი სამხედროს მიერ ყოფილიყო ორგანიზებული ეს აქცია,“ – განაცხადა გიორგი ოსორაულმა.