დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები არიან დაბარებული. საქმე ეხება დეკანოზის საქმის დახურული სასამართლო პროცესის ამსახველი მასალების მედიაში გავრცელებაზე დაწყებულ გამოძიებას. დაკითხვაზე დღეს მიხეილ რამიშვილი, პაატა მეხრიშვილი და სულხან კომახიძე დაიბარეს.
მათ უარი განაცხადეს ჩვენება მიეცათ პროკურატურისთვის, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ მათი დაკითხვა სასამართლო წესით მოითხოვა. ადვოკატი მიხელ რამიშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ ისინი მოსამართლესაც არ მისცემენ ჩვენებას, თუმცა ამბობს, რომ ჯერ მივლენ სასამართლოში, გაარკვევენ რა კითხვები აქვთ და ამის შემდეგ გადაწყვეტენ რა მოიმოქმედონ მომავალში.
მიხეილ რამიშვილისთვის ჯერ უცნობია რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ადვოკატები სასამართლოს წინაშე დაკითხვაზეც უარს იტყვიან.
“ამას მოსამართლე და პროკურორი გადაწყვეტს. ჯერ გავიგებთ, რა კითხვები აქვთ, რა საქმეზე ვართ დაბარებული, რა აინტერესებთ და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას”- აცხადებს რამიშვილი “მეტრონომთან”.
შეგახსენებთ, პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 5 სექტემბერს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ის ვერდიქტის გამოცხადებასაც არ ესწრებოდა, რადგან როგორც თავად ამბობს, მოსამართლეს განაჩენი წინასწარ ჰქონდა დაწერილი.
ავტორი: ნინო ცხადაია