დღეს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა დაიწყო, სადაც პრეზიდენტის 6 მოტივირებულ შენიშვნაზე იმსჯელებენ. მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს დოლიძე აცნობს. დოლიძემ პარლამენტში სიტყით გამოსვლისას, დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა.
მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ერთპარტიული კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტად იქცეს.
„დღევანდელ დღეს ჩვენ განსხვავებულ, არაორდინალურ, უპრეცედენტო, ისტორიულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარდგენილია საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით. ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის.
როდესაც 26 სექტემბერს ამ დარბაზში “ქართულმა ოცნებამ” კენჭი უყარა კონსტიტუციის პროექტს, ამ დარბაზში “ქართული ოცნება” იყო მარტო. დღეს კონსტიტუცია მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და მას აქვს მხოლოდ ერთ პარტიის კუთვნილება, მაგრამ დღეს ჩვენს წინაშე არის მცდელობა, რომ იმ კონსტიტუციას, რომელიც მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მინიმალურად მაინც შეეძინოს, მრავალპარტიული, მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით ითხოვს, შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ქვეყანა მომავალი არჩევნებისთვის სრულად გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე და გაუქმდეს ბონუსების სისტემა.