ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ე.წ. ცინიდის საქმის მასალების მედიით გავრცელებასთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას და საქმეზე ჟურნალისტების შესაძლო დაკითხვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ეს რა ახალი კამპანია დაიწყო? რას ნიშნავს, ჟურნალისტებს აგვიკრძალოს ვინმემ და პროკურატურამ დაკითხვებზე გვატაროს იმის ასახსნელად, საიდან გვაქვს ესა თუ ის ინფორმაცია! ერთია, თუ ჟურნალისტი მცდარ ინფოს მიზანმიმართულად ავრცელებს, მაგრამ რატომ ავრცელებს ვინმეს ჩვენებას, თუნდაც დახურული სასამართლო სხდომიდან, ეს კითხვა არ შეიძლება დაისვას დემოკრატიულ ქვეყანაში, ამის ისე მჯერა, როგორც იმის, რომ ინგა მქვია სახელად,”-წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიასაშუალებებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქმე ეხება მედია საშუალებებით სასამართლო სხდომებზე მიცემული ჩვენებების აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტს.