არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი: “უარს ვამბობ პლაკატებზე და არ ავაჭრელებ ქალაქს”

“არ მინდა, რომ ჩემი სახე, წლების განმავლობაში თბილისს ამახინჯებდეს” – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მისი საარჩევნო პლაკატები ქალაქში არ გაიკვრება.

ელისაშვილი ამბობს რომ წინასაარჩევნო პლაკატები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

„თქვენ, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა, 10 დღე დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ალბათ, თვალყურს ადევნებთ, როგორ აჭრელდა თბილისი, არა მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილი ადგილები, ღობეები, შენობებია აჭრელებული სხვადასხვა პარტიის, მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების პლაკატებით. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პლაკატები მერე წლობით რჩება ხოლმე შენობებზე. გულახდილად ვთქვათ, ვისი პლაკატიც არ უნდა იყოს, ათასობით, ასიათასობით პლაკატი ამახინჯებს ხოლმე ქალაქის იერსახეს.

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ჩემი არც ერთი ბანერი არ არის თბილისში, სატელევიზიო რეკლამა ცოტაა და ჩემთვის ყველაზე იაფი პლაკატების დაბეჭდვა იქნებოდა. ერთხანს ვფიქრობდით კიდეც, ხომ არ დაგვებეჭდა, თანაც სხვადასხვა სტამბა თითქმის უფასოდ გვთავაზობდა ამ პლაკატების დაბეჭდვას, შემოწირულობის სახით ჩუქებას. მაგრამ არ მინდა ტრადიციული, ნაცადი, სტერეოტიპული პოლიტიკური გზით სიარული და არ მინდა, რომ ჩემი სახე, წლების განმავლობაში თბილისს ამახინჯებდეს. არქიტექტურული სიმახინჯეები ისედაც ეყოფა ამ ქალაქს, ამიტომ მე უარს ვამბობს პლაკატებზე და არ ავაჭრელებ ქალაქს.

ყველაზე მნიშვნელიოვანია თითოეული თქვენგანი მოხვიდეთ 21 ოქტომბერს არჩევნებზე, რადგან ეს არის გადამწყვეტი, ეს იქნება ბოლო არჩევნები, სადაც ბოლო შანსი იქნება არჩევნების გზით რაღაც შევცვალოთ ამ ქვეყანაში“, – აღნიშნულია ელისაშვილის მიმართვაში.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....