“იმედის” ეთერში გამართული მერობის კანდიდატების დებატების დროს, მასში მონაწილეობა არ მიუღია “შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილს. როგორც მან სოციალურ ქსელში აღნიშნა, “იმედმა” მის დებატებში მისვლაზე რამდენი წუთით ადრე თქვა უარი.
“აიპრესი” მიზეზის გასარკვევად “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ნანა ლეჟავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მოხდა გაუგებრობა.
– სამწუხაროდ გაუგებრობა მოხდა, რის გამოც ჩვენ ძალიან ვწუხვართ. სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი.
– რას გულისხმობთ გაუგებრობაში?
– მოხდა გაუგებრობა და ამის გამო ჩვენც ჩავარდით უხერხულ მდგომარეობაში. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით და არც მივიჩნევს საჭიროდ, რომ ცალკე ჟურნალისტებთან განმარტება გავაკეთო. ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ შერგელაშვილს და მან იცის მიზეზი.
საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ნანა ლეჟავას ipress.ge-მ ესაუბრა.
შეგახსენებთ, “მეტრონომთან” შერგილაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიასთან რამდენიმე დღით ადრე, მისი დებატებში მონაწილეობა უკვე შეთანხმებული იყო, თუმცა გადაცემის დაწყებიდან ერთი საათით ადრე, მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ის ვეღარ მიიღებდა დებატებში მონაწილეობას, ხოლო მიზეზი არ განუმარტეს. მისი აზრით, ეს პირადად კახი კალაძის გადაწყვეტილება იყო, რომ მას დებატებში მონაწილეობა არ მიეღო.