„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ დირექტორს, გურამ ადამაშვილს და რეჟისორ გოგა ხაინდრავას ცილისწამებაში ადანაშაულებს და თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის.
პროცესები საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პირველი სხდომა სექტემბერში გაიმართა, დღეს კი მომდევნო სხდომაა ჩანიშნული.
როგორც “საერთაშორიო გამჭირვალობა საქართველოში” აცხადებენ, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მისამართით მძიმე ბრალდებები ისმის. კერძოდ, ეკა გიგაურს ადამაშვილმა 2015 წლის 30 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრალი დასდო იმაში, რომ „მას უშუალოდ აქვს მონაწილეობა მიღებული 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში“.
ამასთან, ადამაშვილმა და, მოგვიანებით, ხაინდრავამაც განაცხადეს, რომ მაშინ, როდესაც ეკა გიგაური სასაზღვრო პოლიციაში საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის, კადრებისა და საფინანსო და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამმართველოები ექვემდებარებოდა, მან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაში მონაწილე სპეცრაზმელები დააჯილდოვა, რისთვისაც ის შემდგომ დააწინაურეს. საქმე შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ თავმჯდომარის, გურამ ადამაშვილის მიერ წარმოდგენილ, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან ამოღებულ ორ ბრძანებას, რომელიც შემდგომ მოქალაქე გიორგი ხაინდრავამ ხელმეორედ გამოაქვეყნა. 2007 წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებაში სასაზღვრო პოლიციის უფროსი ავალებს ეკა გიგაურს, კონტროლი გაუწიოს სასაზღვრო პოლიციის ხევსურეთში მდებარე ბარისახოს სამმართველოს 10 თანამშრომლისა და სასაზღვრო პოლიციის 8 სამმართველოს უფროსის (მათ შორის ბარისახოს, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ასევე ავიაციის და სწრაფი რეაგირების მაშველების სამართველოს უფროსების) დაჯილდოებას.
განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ეს პირები მთის რეგიონში ზამთრის პერიოდში საზღვრის დაცვის მოსამზადებელი სამუშაოების კარგად ჩატარებისთვის დაჯილდოვდნენ.
გოგა ხაინდრავამ გუშინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს საჩივარი ეკა გიგაურს სიცრუეზე აქვს აგებული:
„მინდა, მოგახსენოთ, რომ როგორც ყველაფერი დანარჩენი, რაც დაკავშირებულია იმ ბინძურ რეჟიმთან, რომელიც 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო გამეფებული, როცა ყველაფერი აწყობილი იყო სიცრუეზე, ცილისწამებაზე, არაერთ მცდელობაზე, რომ აერიათ ხალხის გონება, ისევეა ეს საჩივარი, რომელიც შეტანილი აქვს კაპიტან გიგაურს ჩემს წინააღმდეგ.
ის აღშფოთებულია ჩემი განცხადებით იმასთან დაკავშირებით, რომ მან ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის რიგგარეშე წოდება, ჩემი ვარაუდით, 7 ნოემბრის აქციაში თანამონაწილეობის გამო მიიღო“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ
პრესკონფერენციაზე ხაინდრავამ მისი თქმით, წარმოადგინა ბრძანება, რომელიც ასახავს ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას და აქვე აღნიშნა, რომ საქმის ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებული ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რამ განაპირობა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, აღარ არსებობს.
„ქალბატონი, რომელიც გამოიზარდა ვანო მერაბიშვილის უწყებაში და არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სახე, სიცრუეზე, სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მეტსაც გეტყვით, დღეს ის მოვლენილია, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი. მორალს უკითხავს ქართველ საზოგადოებას, თუ როგორ უნდა იყოს ცხოვრება აწყობილი. ამას აკეთებს ის ადამიანი, რომელიც უამრავ სხვა ადამიანებთან ერთად 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგ გადახტნენ არასამთავრობო სექტორში. ისინი არიან ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რადგან თანამონაწილეები იყვნენ ყველა იმ დანაშაულების, რასაც სჩადიოდა სააკაშვილი და მისი რეჟიმი.
მოვუწოდებ კაპიტან გიგაურს – არანაირი სასამართლო ამას არ სჭირდება, გამობრძანდით და აუხსენით საზოგადოებას, რიგგარეშე რატომ მოგანიჭეს კაპიტნის წოდება, რა დამსახურებისთვის, რა გააკეთეთ ასეთი, რომ ბატონმა მერაბიშვილმა გამოგყოთ თქვენ?!
ეკა გიგაური იმალება, არც სასამართლოზე არ მოდის. საჩივარი თავად შეიტანა და საჯაროდ მოითხოვა ჩემგან ბოდიში… ბოდიშს კი არ მიიღებს, დავანგრევ მგლების ბუდეს, რომლებიც ცხვრების ქურქში არიან გადაცმულები და არასამთავრობო სექტორიდან ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან. ეს აღარ არის ჩემთვის სამოქალაქო პროცესი, ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას დაანახვებს იმ კრიმინალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა შსს-ში, სახელმწიფო სტრუქტურებში და დღეს გრძელდება არასამთავრობო სექტორში. ეს პროცესი გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დავადგენ უკანასკნელ ცნობას იმ თაღლითობის და დანაშაულების შესახებ. მე ვპირდები ამას არამარტო კაპიტან გიგაურს, არამედ უტიაშვილს, რურუას, შაშკინს, ყველას, ვინც ამოეფარა არასამთავრობო სექტორს და დღეს ცდილობენ, ქართველი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
ძალიან საინტერესო და ხმაურიან პროცესს გპირდებით, რომლის შედეგადაც უამრავი რამ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
როგორც ის ამბობს, ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ანაზღაურებას 30 თეთრის ოდენობით ითხოვს.