შემოდგომის დადგომასთან ერთად ვირუსულმა შემთხვევებმა მოიმატა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე “მეტრონომთან” აღნიშნავს, ეს ბუნებრივი პროცესია და ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს:
“სეზონური გრიპების პერიოდი ჯერ არ დაწყებულა. ვირუსები უკვე შეინიშნება, მაგრამ გრიპების გავრცელებას ნოემბრიდან ველით. ამ ეტაპზე დაფიქსირებული ვირუსები გაციებას იწვევენ. ზოგადად, სახიფათო ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ გაციება ალბათ ყველას გადაუტანია. თუ სიცხე მაღალი გვაქვს, ექიმს უნდა მივმართოთ. ვერ ვიტყვით, რომ ამ ვირუსებს კონკრეტული სახე აქვს- ზოგს ერთკვირიანი გაციება ექნება, ზოგს-სამდღიანი. შეიძლება სიცხით იყოს გამოხატული, ან მხოლოდ სურდოს სახით მიმდინარეობდეს. 200 სხვადასხვა ვირუსი შეიძლება იყოს ამის გამომწვევი.
ვირუსებისგან თავის დასაცავად ხელები დავიბანოთ ხშირად. ავადმყოფი სამსახურში არ უნდა დადიოდეს და სახლში უნდა რჩებოდეს.
გრიპის პიკს თებერვალში ველით- 100 000 ადამიანზე 250-მდე დაავადებულს. ეს ეპიდემიას არ გულისხმობს. ეპიდემია 300 ადამიანიდან იწყება. ეპიდემიურ გავრცელებას ნამდვილად არ ვუცდით”-განაცხადა იმნაძემ “მეტრონომთან”.