ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც შეიარაღებას, ასევე არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთი საქართველოს ნატოში და ევროპაში ინტეგრაციისტვის მხოლოდ 2008 წლიდან არ სჯიდა. მისი განცხადებით, 90-იანი წლებიდან საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას რუსეთმა აგრესიით უპასუხა და ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი წაგვართვა.

„არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სულ დასაწყისიდანვე, 90-იანი წლებიდან რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, საქართველოს ნაბიჯებს გახდეს მართლაც თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა, თავიდანვე სჯიდა იმ კონფლიქტებითა და დაპირისპირებით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა და მას ტერიტორიული მთლიანობა დაუკარგა.

ეს ტენდენცია სამწუხაროდ გრძელდება დღესაც, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც შეიარაღებას, ასევე არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ისეთ ჰუმანურ შესაძლებლობებს, როგორიც არის წვდომა განათლებასა და ჯანდაცვაზე. ზღუდავს ურთიერთობებს საზოგადოებებს შორის და ამას ახორციელებს ფაქტიურად ყოველდღიურად, რადგან სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს აგებს ჩვენს ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომელიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის.

ამ ყველაფერს ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი, სახელმწიფო, რომელსაც პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს სწორედ როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

იტვირთბა....