ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“ეს არის ალერგია”: რა საშიშროებას წარმოადგენს ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბოლო დროს აზიურ ფაროსანაზე ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, თუ ადამიანი ალერგიული არ არის, აზიურ ფაროსანასთან შეხებისას არავითარი რეაქცია არ ხდება. როგორც ის ამბობს, ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და არ იკბინება.

“ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერების კატეგორიას, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემხებლობა აქვს. ასეთები გახლავთ, კოღოები, ტკიპები, რწყილები და ა.შ. ბუზმაც კი შესაძლოა მექანიკურად გადაიტანოს მიკრობები, მაგრამ ფაროსანა ასეთ მწერებს არ განეკუთვნება. ანუ ადამიანის ჯანმრთელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ფაროსანასთან იყოს დაკავშირებული ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მწერთან და ნებისმიერ სხვა მცენარესთან, ეს არის ალერგია. ფაროსანას კბენა არ ახასიათებს. ფაროსანა ადამიანის დაავადებების მხრივ საშიში არ არის, საშიშია იმით, რომ დიდ ეკონომიურ ზარალს იწვევს და ანადგურებს მოსავალს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც ირკვევა, ფაროსანა, ისევე როგორც ზოგადად მწერი, ზამთარში თბილ ადგილებს ეძებს, ამიტომ რაც უფრო მეტი ფაროსანა განადგურდება, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება გაზაფხულზე.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაადასტურა, რომ თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა, რომელიც დედაქალაქში დასავლეთ საქართველოდან შემოვიდა.

იტვირთბა....