საკრებულოსთან განვითარებულ პროცესებს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიცია ეწინააღმდეგება ქალაქის განვითარებას და ქვეყნის წინსვლას:
“საკრებულოსთან მიმდინარე პროცესები მიზანმიმართულად დაგეგმილი უნიჭო სპექტაკლია.
დაახლოებით 400 მილიონი იხარჯება თავად ამ პროექტების განხორციელებაში, 18 000-მდე ადამიანი არის დღეს დასაქმებული და როდესაც პროექტები დასრულდება დაახლოებით 18 00-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ყველაფერ ამას ეწინააღმდეგებიან ესენი, თუმცა ვერავინ და ვერაფერი ვერ შეეწინააღმდეგება ქალაქის განვითარებას, ქალაქის წინსვლას. ჩვენ ეკოლოგიასაც მოვუვლით, ტრანსპორტის პრობლემასაც მოვაგვარებთ, ურბანულ განვითარებასაც მივხედავთ, სოციალურ-ჯანდაცვის მიმართულებასაც მივხედავთ და სამუშაო ადგილებსაც შევქმნით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის საკრებულოსთან აქციაზე რვა ადამიანი დააკავეს, -ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სადაც მხოლოდ უმრავლესობა დარჩა, რადგან ოპოზიციამ სხდომა დატოვა, სულ ცოტა ხნის წინ პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორია კონკრეტულ კომპანიას 1 ლარად გადაეცა.
თბილისის საკრებულოში სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრება სცადა. თუმცა თავდაპირვლად მას დაბრაზში მყოფმა დაცვის და სამაქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ამის საშუალება არ მისცეს.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე. მოგვინებით დათუკიშვილმა ალიბეგაშვილის მაგიდასთან მიახლოება სცადა. დათუკიშვილი ასევე შეეცადა თავმჯდომარის მიკროფონის გამოყენებას. თუმცა მას მიკროფონი გამოურთეს.
ამის შემდეგ კი ოპოზიციამ დემონსტრაციულად სხდომა დატოვა. საკრებულოს გარეთ სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაც გაიმართა.