საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის ქადაგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვარის შეწირვა ნებაყოფლობითი ქმედებაა, რის შემდეგაც ის გაჭირვებულებისთვის გაიცემა:
„შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა გასული კვირის ქადაებაში ბრძანა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად კარგი იქნება, თუ დასალოცად მოსული ესა თუ ის გვარი მთელი გვარის სახელით შემოწირავს სამ ცხვარს, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა.
ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით, რითაც ღვთივსათნო საქმე აღესრულება.“- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. დასალოცად მისულ გვარებს კი 24 საათის განმავლობაში ლოცვა და შესაწირად 3 ცხვრის მიყვანა ურჩია:
“ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. თქვენ გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა ლოცვითა და მარხვით განიდევნება. შემოვიდა აზრი და მე ძალიან მომწონს ეს, რაც ძნელი არ არის – ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები – მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები, ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამებით, ამ წმინდა ტაძრიდან. დავუშვათ, დღის 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს. შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. ვფიქრობ, ეს საოცარ შედეგს მოიტანს.”- აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.