ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თინა ბოკუჩავა რკინის ჯებირზე გადასვლას და საკრებულოში ამ გზით შესვლას ცდილობდა (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა საკრებულოში შესვლას მოითხოვს.  ბოკუჩავას საკრებულოში შესვლის საშუალებას შენობის შესასვლელთან მდგარი პოლიცია არ აძლევს. ის ჯებირზე ასვლით ცდილობს, რომ შენობაში შევიდეს. საკრებულოს მიმდებარედ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია.

ადგილზე ასევე პარტიის მომხრეები არიან მისულები და პოლიციას მოუწოდებენ, რომ პარლამენტის დეპუტატები საკრებულოს შენობაში შეუშვან. საკრებულოსთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.

“არ გრცხვენიათ? კონსტიტუციას არღვევთ. დეპუტატს დაუბრკოლებელი შესვლის უფლება აქვს”,- მიმართა ბოკუჩავამ პოლიციას.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული, რაც სავარაუდოდ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას უკავშირდება. დილით, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი საკრებულოში პოლიციამ არ შეუშვა. რატიანი განმარტავს, რომ სამართალდამცველები უკანონო ბრძანებას ასრულებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა “თბილისი გადაიფორმოს”.

ამასთან, დღეს საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც სხვადასხვა საკითხთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.

საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისიები კი 10:30 საათიდან იწყება.

საკრებულომ ორ ტერიტორიას ზონალური სტატუსი გასულ კვირას შეუცვალა. პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა პარკინგის ასაშენებლად, თაბორის მთაზე 5000 კვადრატულ მეტრზე კი რეკრეაციული ზონის მოსარწყავად საჭირო საირიგაციო სისტემის განსათავსებლად. ამ ცვლილებას ოპოზიცია აპროტესტებს.

იტვირთბა....