“ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა შენობასტან მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ოპოზიციას საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომას, რომელიც 4 საათზე გაიმართება, მხოლოდ წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული, რაც სავარაუდოდ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას უკავშირდება. დილით, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი საკრებულოში პოლიციამ არ შეუშვა. რატიანი განმარტავს, რომ სამართალდამცველები უკანონო ბრძანებას ასრულებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა “თბილისი გადაიფორმოს”.
ამასთან, დღეს საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც სხვადასხვა საკითხთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.
საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისიები კი 10:30 საათიდან იწყება.
საკრებულომ ორ ტერიტორიას ზონალური სტატუსი გასულ კვირას შეუცვალა. პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა პარკინგის ასაშენებლად, თაბორის მთაზე 5000 კვადრატულ მეტრზე კი რეკრეაციული ზონის მოსარწყავად საჭირო საირიგაციო სისტემის განსათავსებლად. ამ ცვლილებას ოპოზიცია აპროტესტებს.