ქალაქ ბუქარესტში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარული სხდომა გაიმართა. ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას “სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში”.
რეზოლუციის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სხდომაზე ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო; ნატოს ასამბლეა გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, რუსეთის მცდელობებს დააშინოს ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლები.
აღნიშნულ რეზოლუციაში წარმოდგენილია საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ხოლო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მხარდაჭერილია.
საპარლამენტო ასამბლეა ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს:
1-საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დისკუსიები გაგრძელდეს;
2-რეგიონული უსაფრთხოების გამყარებისკენ მიმართულ ნატოს აქტივობებში საქართველოს ჩართულობა გაზარდონ;
3-ხელი შეუწყონ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულებას.
რეზოლუციის პროექტი გუშინ გამოქვეყნდა
ცნობისთვის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური პლენარული სხდომა 6 ოქტომბერს დაიწყო და მუშაობას დღეს, 9 ოქტომბერს დაასრულებს.