ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რას გულისხმობს ვიდეოჯარიმების ახალი კანონი და როდიდან ამოქმედდება

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ტექნოლოგიური რეფორმის ახალ ეტაპზე ისაუბრა.
მიმდინარე წლის I ნოემბრიდან ძალაში შევა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში შეხვედრა ჰქონდა რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტებთან. მინისტრმა სამინისტროში მიმდინარე ტექნოლოგიურ რეფორმებზე ისაუბრა.
„თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ფონზე, შს სამინისტრო მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ინოვაციური პროექტების დანერგვა და ტექნოლოგიური რეფორმა, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ჩვენი პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმა ახალ ფაზაში გადადის,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შსს-ს ერთობლივი ოპერაციებსი ცენტრში შეხვედრისას, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი გააცნო.
შეხვედრისას ჟურნალისტებს პრაქტიკულად უჩვენეს თუ როგორ ხდება, უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით, სამართალდარღვევების მონიტორინგი.
პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა, 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერის დამონტაჟების საკითხს. ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. მძღოლი, რომელიც წესებს დაარღვევს დაჯარიმდება შემდეგ ფაქტებზე:
• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
• სიჩქარის გადაჭარბება;
• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.
ახალი რეგულაციის თანახმად, მძღოლს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, კანონის დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:
• საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
• ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.
• მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;
აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

იტვირთბა....