არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

“საქართველოს ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. ნიშანდობლივია, რომ პრობლემები თავს იჩენს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით:

1. არათანაბარი მედია-გარემო:

1.1. საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხი“, რომელიც წლების განმავლობაში ტრადიციულად ეთმობოდა ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნების წინ დაიხურა და გაუქმდა მის ეთერში მოქმედი ყველა პოლიტიკური გადაცემა;

1.2. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი დებატები დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კანჭისყრამდე 2 დღით ადრე;

ასევე, გრძელდება ხელისუფლების შეტევა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე:

1.3. პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა ტელეკომპანია „მაესტრო“, რომლის ეთერშიც საერთოდ აღარ არსებობს მოქმედი პოლიტიკური გადაცემა და წარსულში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, დღეს შერწყმულია სახელისუფლებო მედია-ჰოლდინგს;

1.4. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, რომლის დასაცავად ქართულმა საზოგადოებამ ავტორიტარულ რეჟიმთან არნახული ბრძოლა გამოიარა, დღეს ქცეული არის მმართველი პარტიის პრესცენტრის დანამატად. არხის სარედაქციო პოლიტიკა, თემებისა და რესპონდენტების შერჩევა – სრულად დამოკიდებულია სახელისუფლებო პარტიის პროპაგანდისტულ ინტერესებზე.

კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანია „იმედის“ საუკეთესო დროის (Prime Time) 49.61% „ქართულ ოცნებას“ ეთმობა, 19.67% – „ევროპულ საქართველოს“, ხოლო 30.72% – ყველა დანარჩენ სუბიექტს ერთად.

2. არათანაბარი ფინანსური რესურსი:

აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აგვისტრო-სექტემბერის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობები მიიღეს შემდეგი ოდენობით:

2.1. „ქართული ოცნება“ – 8 589 478 ლარი (91.78%);

2.2. „ევროპული საქართველო“ – 623 403 ლარი (6.66%);

2.3. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები – 146 170 (1.56%).

ცალკე საკითხია ხელისუფლების აღურიცხავი ფინანსური რესურსი (ე.წ. „შავი ფული“), რომელიც ბევრად აღემატება აუდიტის სამსახურში რეგისტრირებულ მონაცემებს.

მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების საბოლოო დოკუმენტებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....