ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზი ციხიდან: “მქონდა მიზეზი არ დავსწრებოდი განაჩენის გამოცხადებას”

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს განაჩენი წინასწარ ჰქონდა დაწერილი და სწორედ ამიტომ არ დაესწრო სასამართლო დარბაზში მისი ვერდიქტის გამოცხადებას. ამის შესახებ დეკანოზის წერილშია საუბარი, რომელიც მან “ინტერპრესნიუსს” ციხიდან გაუგზავნა.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მან საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა:

„ბუნებრივია, ჩვენ მოვახერხეთ ჩემი უდანაშაულობის დადასტურება სასამართლოზე. მეორე საკითხია, გაითვალისწინა თუ არა ეს მოსამართლემ. შეუძლებელია სხდომებზე დაიცვა თავი და გამართლდე, როდესაც განაჩენი სხდომებამდე წინასწარ აქვს გამოტანილი მოსამართლეს. მქონდა მიზეზი არ დავსწრებოდი განაჩენის გამოცხადებას. საბოლოოდ ყველამ ნახა, რომ ეს მიზეზი გამართლდა“, – განაცხადა გიორგი მამალაძემ.

დეკანოზი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობმა და შორენა თეთრუაშვილმა მისი დაკავებით „ყველას მისცეს სიგნალი, რომ არავინ გაბედოს მათი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის სააშკარაოზე გამოტანა“.

გიორგი მამალაძე მიიჩნევს, რომ მის საქმეში მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის კვალი მხოლოდ მას არ დაუნახავს და ეს მთელმა საზოგადოებამ იხილა.

„ეს კვალი მხოლოდ მე არ დამინახავს. ამას მთელი საზოგადოება ხედავს. ვერ გეტყვით, ვის მიმართ განახორციელებენ კიდევ ეს ადამიანები დევნას. რასაკვირველია, ამ ადამიანებმა ამით ყველას მისცეს სიგნალი, რომ არავინ გაბედოს მათი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის სააშკარაოზე გამოტანა“, – განაცხადა მამალაძემ.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

იტვირთბა....