ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიის ხელისუფლების დათხოვნას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე მარიანო რახოიმ გაზეთ „El Pais“-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ესპანეთის კონსტიტუციის არსებობის მანძილზე შესაძლოა პირველად იყოს გამოიყენებული 155-ე მუხლი, რომელიც მადრიდს რეგიონის ხელისუფლების გაუქმებისა და ცენტრალური ხელისუფლებისთვის დამორჩილების უფლებას ანიჭებს.
პრემიერის განცხადებით, ამ უფლებას კატალონიაში განვითარებული მოვლენების დასარეგულირებლად გამოიყენებს.
მარიანო რახოი მოუწოდებს კატალონიის ხელისუფლებას გააუქმოს რეფერენდუმის შედეგები. გარდა ამისა, ესპანეთის პრემიერი არ აპირებს მოლაპარაკებას ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც შანტაჟის გზით ცდილობს მიაღწიოს მისთვის სასურველ შედეგს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. რეფერენდუმს მხარს არ უჭერს ესპანეთის მთავრობა და მას არაკონსტიტუციურად აცხადებს. კატალონიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,2 მილიონმა ადამიანმა მიიღო, უმრავლესობამ კი ხმა დამოუკიდებლობის გამოცხადებას მისცა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.