ბათუმელი მეზღვაურის სოსლან კაკაბაძის ოჯახი კვალვ დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
სოსლან კაკაბაძე სამი წელია ლიბიის ციხეში იმყოფება. ბრალდებულისთვის დაკავების მიზეზი დღემდე უცნობია.
მეზღვაურის მეუღლის განცხადებით, 10 დღის წინ მოახერხეს სოსლან კაკაბაძესთან დაკავშირება. პატიმარი ციხეში უმძიმეს პირობებშია. ოჯახისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მურმან კაკაბაძე ცოცხალია.
„მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაპირველად დაგვპირდნენ, დაგეხმარებით, რაღაცაში ჩავერევითო, მაგრამ დრო გადის და არაფერი. გვითხრეს, რომ ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ აგვიყვანა ადვოკატი, მეუბნებიან, რომ ფულს უხდიან იმ ადვოკატს, მაგრამ სასამართლო არ იმართება. ყოველ თვეში გვეუბნებიან, რომ პროცესი გადაიდო. სასამართლო თუ გაიმართა, ჩემი მეუღლე გამართლდება და გამოუშვებენ, გათავისუფლების შემთხვევაში შემდეგ პროცედურებში დახმარებას ლიბიაში უნგრეთის ელჩი გვპირდება“ – ამბობს სოსლან კაკაბაძის მეუღლე დონარა გოგიტიძე.
შეგახსენებთ, რომ ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში გემი ლიბიაში დააკავეს. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იმყოფებოდა.