ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი : ამ კონსტიტუციას შემდეგი თაობები დააფასებენ

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებული ღონისძიებებით კმაყოფილია. მისივე თქმით, ახალი კონსტიტუცია ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ამის შესახებ, გიორგი კვირიკაშვილმა ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნის მიღების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მინდა, ობიექტურად ვთქვა, რომ კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გახლავთ უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი შრომის შედეგი. საპარლამენტო გუნდმა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მართლაც ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა იმისათვის, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო ისეთი, როგორც არის მიღებული.

მთლიანი სამუშაო იყო ერთი დიდი ჩართულობის მაგალით და მმართველი პარტიის მხრიდან ძალიან ბევრი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა კომისიის მუშაობის განმავლობაში.

კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომაც, არაერთი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და ის ბოლო სამი ნაბიჯი, რომელიც ხაზს ვუსვამ, მოთხოვნილი არ არის ვენეციის კომისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვდგამთ – 3%-მდე ბარიერის დაწევა 2020 წლის არჩევნებზე; პარტიული ბლოკების კიდევ ერთხელ, ერთი რაუნდით დაშვება და ბონუსის სისტემაზე მთლიანად უარის თქმა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მიღებული კონსტიტუცია არის გამსჭვალული კონსენსუსის სულისკვეთებით.

„ნუ ვიწინასწარმეტყველებთ, იქნება თუ არა ვეტო. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ და დარწმუნებული ვარ, ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა. ამიტომ, ვფიქრობ, მმართველმა გუნდმა ძალიან დიდის სამუშაო გასწია და დარწმუნებული ვარ, შემდეგი თაობები ამას ნამდვილად დააფასებენ, რადგან როდესაც ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, ასეთი რამ, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მმართველი გუნდის მხრიდან წარმოუდგენელი იყო. არც ერთი ახალი ცვლილება არ ემსახურება მმართველი გუნდის ინტერესის განმტკიცებას და გაძლიერებას, მათ შორის მთავრობის მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯი უნდობლობის პროცედურის გამარტივების კუთხით და ა.შ. ვფიქრობ, ეს კონსტიტუცია არის გამსჭვალული კონსენსუსის სულისკვეთებით და არის ძალიან დიდი ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების გზაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....