ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით ნარმანია: წელს თბილისობა განსაკუთრებული იქნება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წლევანდელი თბილისობის დღესასწაული გამოირჩევა სიახლეებითა და ღონისძიებების სიმრავლით.

მისივე თქმით, თბილისობის დღესასწაულზე ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, რაც 270 ათასი ლარით ნაკლებია წინა წლის თბილისობის ბიუჯეტთან შედარებით.

„წელს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი თბილისობა გვაქვს. წინა წლებიც ღონისძიებებით იყო დატვირთული, მაგრამ წლევანდელი თბილისობა გამორჩეულია ღონისძიებების რაოდენობით და იმ სიახლეებით, რომელიც ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთადაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ წელს პირველად, ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები იქნება, სადაც მათი კულტურის, მათი სამზარეულოს და ტრადიციების ჩვენება იქნება.

გარდა ამისა, ახალ აღმაშენებელზე იქნება საქართველოს ისტორიაში არსებული მარკების გამოფენა-ჩვენება. აქვე ე.წ. ორთქლის ქალაქის ჩვენება იქნება, რომელიც ძალიან საინტერესო კონცეფციაა. ასევე, ფრანების შოუ რიყის ტერიტორიაზე გაიმართება და ბოლოს შემაჯამებელი ღონისძიება – გალა კონცერტი აბანოთუნანში ჩატარდება, რომელიც ასევე წელს პირველად ძალიან საინტერესო კონცეფციითაა წარმოდგენილი. სიმღერები სხვადასხვა სცენებზე იქნება წარმოდგენილი და აქვე, ტრადიციულად საპატიო თბილისელები დაჯილდოვდებიან.

ყოველდღიურად 20-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს პარალელურად – ასე რომ, ძალიან საინტერესო ღონისძიებებია.

ღონისძიებებით ძალიან დატვირთულია, როგორც დღევანდელი ისე ხვალინდელი დღე. წელს სტუმრების უიპრეცედენტოდ დიდ რაოდენობას ველოდებით. ამინდიც კარგი გვაქვს და ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ დაუვიწყარი თბილისობა ვიზეიმოთ“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერის განცხადებაში.

იტვირთბა....