ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ცნობილია: პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას აკეთებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა თავისი დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც პოზიტიურია. მისი თქმით, კომისიის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების  პროცესის შეუქცევად გაგრძელებას.

“აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ. გარდა ამისა,  დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე, იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც წერდნენ დასკვნას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების   პროცესის შეუქცევად გაგრძელებას” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიამ გამოთქვა მწუხარება, რომ საბოლოოდ, კონსესუსი პარტიებს შორის არ შედგა, მაგრამ კობახიძე ამბობს, რომ კომისიის დასკვნა საბოლოოდ პოზიტიურია.

შეგახსენებთ, უკვე კარგა ხანია პოზიციასა და ოპოზიციას შორის დებატები იმართება ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომელიც უმრავლესობას სამი მოსმენით უკვე მიღებული აქვს. ცვლილება ძირითადად ეხება, რამდენიმე საკითხს, რომელიც განსჯის საგანი გახდა: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, მაჟორიტარული არჩევნების წესის გაუქმება, ბონუს-სისტემა, პროცენტული ბარიერი და პოლიტიკური ბლოკით არჩევნებში მონაწილეობა.

 

იტვირთბა....