Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ფესტივალი არ უნდა დაფინანსდეს, სოციალური ქსელით პასუხობს:
„დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება მთხოვს გავაკეთო კომენტარი ეკონომიკის მინისტრის ნათქვამთან დაკავშირებით, რომ ის არ დაუჭერს მხარს GEM FEST- ისთვის სამომავლოდ თანხების გამოყოფას და მენეჯმენტში ყოფილა ხარვეზები.
გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო პერიოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოიყენონ ეს თემა და პირადად მე სკანდალისთვის და ვიქცე ხმაურიანი ისტორიის და კონფლიქტის მონაწილედ.
შემოვიფარგლები მხოლოდ ამ სტატუსით და არ გავაკეთებ არავითარ დამატებით კომენტარს.
პირველი: ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, სახელმწიფოს გადასაწყყვეტია დაეხმარება თუ არა პროექტს სამომავლოდ, ჯემ ფესტი შეიქმნა კერძო ინვესტიციით 2015 წელს და არავითარი სახელმწიფო თანადაფინანსება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა checkingeorgia 2016 წელს, ისევე როგორც სხვა პროექტებმა, ჩვენც მივიღეთ სახელმწიფოს დახმარება. შესაბამისად თუ ეს დახმარება არ იქნება სამომავლოდ, მოგვიწევს მასშტაბების შემცირება, მოძიებული რესურსებით შედარებით მცირე პროექტის დაგეგმვა (მაგალითად 3 ან 4 დღიანი) და ისე ჩატარება. ჩვენ, როგორც ფესტივალის ორგანიზატორებს სინამდვილეში ეს ბევრად გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით იმ უამრავ ხათაბალას, რასაც ანაკლიაში 32 დღიანი ნონ სტოპ ფესტივალის გაკეთება ჰქვია. ასე რომ GEM FEST ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და გაკეთდება, ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა.
რაც შეეხება ხარვეზებს და შეცდომებს. ვის რა უნდა გაეკეთებინა, ვის რა უნდა უზრუნველეყო და ვის რა უნდა შეესრულებინა, ამის შესახებ ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ (სურვილის შემთხვევაში). ისედაც ყველაფერი მე მბრალდება და ნამდვილად არ მინდა ამჯერად საარჩევნოდ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა დამწამონ.
მადლობა ყურადღებისთვის“, – წერს გიორგი სიგუა.