სოფელ კუმურდოში მეათე საუკუნის ტაძრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატი ერთობლივ მიმართვას ავრცელებს:
„ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების X ს-ის ტაძრის ეზოში, ა.წ. 30 სექტემბერს მოხდა ინციდენტი ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფსა და სამართალდამცავებს შორის.
პრობლემა გამოიწვია ამ ჯგუფის მცდელობამ, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ტაძრის ეზოში აღემართათ სომხური ტრადიციული ქვის ჯვარი – ხაჩკარი.
აქ 2015 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აწარმოებს სარესტავრაციო სამუშაოებს. არქეოლოგიური გათხრების დროს სხვა არტეფაქტებთან ერთად ტაძრის ეზოში აღმოჩნდა საფლავები და მიცვალებულთა ნეშტი, რომლებიც დროებით იქნა გადატანილი შერჩეულ ადგილას, სადაც მოსახლეობას გაუჩნდა ჯვრის აღმართვის სურვილი.
გაუგებრობა გამოიწვია გავრცელებულმა დეზინფორმაციამაც ტაძრის წარმომავლობის შესახებ. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არა აქვს და მას ქართულად მიიჩნევს.
წინაპრების საფლავისათვის პატივის მიგება სადავო არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ასწლეულების მანძილზე ტაძრის ეზოში ქართველებიც, სომხებიც და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც დაიმარხნენ და მათი პატივისცემა ყველა ჩვენგანის ვალია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ა.წ. 5 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელთა შორის.
შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, შემდგომი სხდომების დროს განიხილონ და ურთიერთშეთანხმებით მიიღონ გადაწყვეტილება წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით, რომელსაც სამართლებრივი და რელიგიური დატვირთვის გარდა მორალური მნიშვნელობაც ექნება და ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების მაგალითი გახდება.
ყველას მოვუწოდებთ:
ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და პროვოკაცია, – დაუშვებელი. დავიცვათ ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართულ-სომხური მეგობრობა, გამოვიჩინოთ წინდახედულობა და წამოჭრილი საკითხები კანონიერების და ქრისტიანული სიყვარულის გზით გადავწყვიტოთ“, – აღნიშნულია მიმართვაში მიმართვაში.