არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები”: ელისაშვილი კალაძეს სტადიონზე საპაექროდ იწვევს

მას შემდეგ რაც “ქართული ოცნების”თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსალოდნელ არჩევნებში მის კონკურენტს დებატებზე უარი უთხრა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ის ტელედებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია.

“კალაძე თუ დათანხმდება ტელედებატებს, ის მზად არის ამის შემდეგ ”ქართული ოცნების” კანდიდატს” ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს”. – ამბობს ელისაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც სტადიონზეა ჩაწერილი და ელისაშვილი ფეხბურთს თამაშობს.

“ის ნამდვილად არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. გულწრფელად ვგულშემატკივრობდი კიევის ”დინამოშიც”, ”მილანშიც” და ღამეები მითენებია მისი თამაშების ყურებაში. ამაყი ვიყავი, როდესაც ვუყურებდი, რომ ასეთი ქართველი თამაშობდა. მე კიდევ, მთელი ცხოვრება, თბილისის პრობლემების კვლევით ვარ დაკავებული. ვიყავი ”ტფილისის ჰამქრის” თავმჯდომარე, ვიყავი თბილისის საკრებულოს წევრი. კახის რომ შემოეთავაზებინა ფეხბურთში შეჯიბრი, რა თქმა უნდა, უარს ვიტყოდი და ერთი წამითაც არ დავუშვებდი, რომ შესაძლოა სტადიონზე შევჯიბრებოდი, მაგრამ, მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას.

დემოკრატიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ აუცილებელია, მერობის კანდიდატები დებატებში შეხვდნენ ერთმანეთს. ნებისმიერ სატელევიზიო დებატებში დავჯდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და შემდეგ, პირობას გაძლევ, რომ აირჩიო სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები. ველოდები დებატების ადგილს და ველოდები სტადიონს”, – აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, ელისაშვილმა მანამდეც შესთავაზა დებატები კალაძეს, რომელმაც განაცახადა, რომ რატომ უნდა დაუჯდეს დებატებში მაინც და მაინც ელისაშვილს, როცა არსებობენ სხვა კონკურენტებიც. “მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში?! რატომ არ უნდა დავჯდე კუკავასთან, ან იგივე გუგავასთან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

იტვირთბა....