თუშეთის გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, რამდენიმე ადგილას მცირე ზვავის ჩამოწოლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა ვერ ხერხდება და ადგილზე რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი. ერთ-ერთი მათგანი უცხოელი ტურისტია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა, თუმცა, გასაწმენდი გზის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა მისვლას ჯერ ვერ ახერხებს.
როგორც “მეტრონომს” საგზაო დეპარტამენტის პრესცენტრში აცნობეს, ამ მომენტისთვის თუშეთის გზაზე მოძრაობის შეწყვეტისთვის ოფიციალური რეჟიმი ჯერ არ არის დაწესებული, გზის გასაწმენდად კი, კონტრაქტორი კომპანია მუშაობს:
“ტექნიკა მუშაობს. თუმცა, სავარაუდოდ დღეს ვერ მოხერხდება მისი გაწმენდა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე ჩარჩენილები არიან, მალე გათავისუფლდნენ”-განუცხადეს “მეტრონომს”.