პროკურატურაში შესაძლოა ყველა იმ ტელეკომპანიის ჟურნალისტი დაიკითხება, სადაც ე.წ. ციანიდის საქმის მასალები გასაჯაროვდა. ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გავიდა ახალი აუდიო მასალა, რომელიც ანონიმურმა წყარომ ჟურნალისტებს მიაწოდა. აუდიო ჩანაწერი “რეაქციაში” მას შემდეგ გავიდა, რაც მამა გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
“ტვ პირველის” ჟურნალისტები პროკურატურასთან თანამშრომლობას აპირებენ, თუმცა წყაროს გაუთქმელობის უფლებას გამოიყენებენ.
. ,,ამ დრომდე არ მიგვიღია შეტყობინება,რომ დაბარებულები ვართ მთავარ პროკურატურაში. დაბარების შემთხვევაში ვითანამსრომლებთ გამოძიებასთან, თუმცა გამოვიყენებთ წყაროს გაუთქმელობის უფლებას”- აღნიშნა ,,ტვ პირველის”საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა ქარდავამ ,,პირველ რადიოსთან” საუბრისას.
ამასთანავე, ინგა გრიგოლიამ 3 აგვისტოს “რეაქციის” ეთერში განაცხადა, რომ ჯერ მას პროკურატურიდან არავინ დაჰკავშირებია.
“ციანიდის საქმის ” აუდიო – ვიდეო მასალა “ტვ პირველის ” გარდა “რუსთავი 2”-ის ეთერითაც გავიდა. “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის განცხადებით პროკურატურას მასთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია. თუმცა, “ტვ პირველის” ჟურნალისტების მსაგვასად არც ის აპირებს წყაროს გათქმას. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
“თუნდაც იყოს რაიმე სახის კომუნიკაცია, ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება, რომ არ გავთქვათ ჩვენი წყარო და შესაბამისად, არც ვაპირებთ რომ დავასახელოთ,”- განაცხადა ნოდარ მელაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
დღეს 12 საათზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მისი სამი ადვოკატი დაიკითხა. დანარჩენ სამს, როგორც პროკურატურაში აცხადებენ ხვალ დაკითხავენ.