ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობს. მისი თქმით, მომავალ არჩევნებში, ხელისუფლებაში მყოფი ყოფილი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების ამოცანა და სტრატეგია არ არის მმართველ პარტიასთან პაექრობა.
“მათთვის სამიზნე იმდენად ხელისუფლება არ არის, რამდენადაც ალტერნატიული კანდიდატი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ცდილობს, რომ ყველა სხვა კანდიდატი საინფორმაციო ველიდან გაიყვანოს და შექმნას იგივე განცდა, რაც ჩვენ ვნახეთ ყველა წინა არჩევნებზე, რომ არჩევანი არის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ხელისუფლებას შორის. ამ ყველაფრის სამიზნე უფრო არის ალეკო ელისაშილის უკანა პლანზე გადაწევა და ამომრჩეველში ისევ იმ განცდის გაჩენა, რომ არჩევანი მხოლოდ ორ ძალას შორის არის. ეს არის ერთგვარი შულერული თამაში, რომელიც ხელისუფლებასაც აწყობს. არ ვამბობ, რომ მათ შორის რაიმე გარიგებაა, მაგრამ დღეს დაიწყო ისევ ორპოლუსიანობის ფორმირება და ამით ზარალდება არა იმდენად სახელისუფლო კანდიდატი, რამდენადაც სხვა ოპოზიციური კანდიდატები” – ასეთი განცხადება გააკეთა “ინტერპრესნიუსთან” ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს დედაქალაქში, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში, თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. პოლიტიკური ტემპერატურა დღითიდღე იზრდება, რაც დადასტურდა კიდეც გუშინ, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც 6 ოპოზიციონერი იყო დაკავებული.