ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მერიაში რაფაელოს საჭმელად არ შემიყვანდნენ”: ხაბეიშვილი სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი გუშინ მომხდარ ფაქტზე სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. როგორც მან პროკურატურაში გამოკითხვანმდე განაცხადა, თბილისის მერიასთან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე მოხდა მისი გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ის იმ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც მერიამ გაავრცელა. მისი თქმით, ჩანაწერი არაა სრული და იგი მოითხოვს იმ კადრების გავრცელებასაც, რის გამოც იგი მოხვდა მერიის შენობაში.

“მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ცხადია. შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა. მე მოვითხოვ ამას მიეცეს სამართლებრივი კვალიფიკაცია. ასევე არ არსებობს ოქმი, რის გამო მომიტაცეს”, – ხაბეიშვილი ამბობს, რომ მას შეუძლია ყველა პირის ამოცნობა ვინც საპროტესტო აქციის დროს მისი გატაცება მოახდინა.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს. სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთელს პერიმეტრს აკონტროლებდნენ. ასევე მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამახური იცავდა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, დედაქალაქის მერმა მოქალაქეების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
პარტიის წევრების განცხადებით, სამართალდამცველებმა აქცია ძალადობრივი გზით დაშალეს.

იტვირთბა....