ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ ადამიანებს პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, ისინი არიან წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ყველაფერ ამის ზღვარი. პრემიერის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ლიდერები  წარსულის პოლიტიკოსები არიან. შესაბამისად კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ მათი მხარდამჭერები გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები არიან.

“არ შემიძლია,  არ შევაფასო და არ გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს. არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არებობს ზღვარი ყველაფერ ამის იქით. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქით გადასული. ამ ხალხს პოლიტიკოსებსაც ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ ყურადღება”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა  საპროტესტო აქცია გამართეს.  ადგილზე მობილიზებული იყვნენ  საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, დედაქალაქის მერმა მოქალაქეების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.  პარტიის წევრების განცხადებით, სამართალდამცველებმა აქცია ძალადობრივი გზით დაშალეს.

იტვირთბა....