ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არასამთავრობოები: “გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს”

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გენერალური აუდიტორის მიერ ორი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს.

„ახალ გენერალურ აუდიტორს ბუნებრივია აქვს უფლებამოსილება, რომ მისთვის სასურველი მოადგილეები დანიშნოს, თუმცა, ის ფაქტი, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკურად ნეიტრალური მოადგილეები და თანამდებობა შეინარჩუნა მმართველ პარტიასთან აფილირებულმა პირმა, წარმოქმნის ეჭვებს გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ. გათავისუფლებულ მოადგილეებს შორის არის ნინო ლომჯარია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კადრი მაღალი კვალიფიკაციით და გამოცდილებით.

ამ ეჭვებს ამძაფრებს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური მიუკერძოებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგისას. საგულისხმოა, რომ ლომჯარია აუდიტის სამსახურში სწორედ ამ მიმართულებას ზედამხედველობდა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ გახდა აუცილებელი მისი გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების შემოწირულობისა და წინასაარჩევნო ხარჯვის საფუძვლიანი მონიტორინგი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საქართველოს რეფორმების ასოციაცია.

 

 

 

იტვირთბა....