ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სუს-ის თანამშრომლები მირტყამდნენ, მერიის მაღალჩინოსნები კი ამ ყველაფერს უყურებდნენ”

აქციის დროს დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თავისუფალია. მისი განცხადებით,  ის სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხაბეიშვილის თქმით, თბილისის ქონებას მილიარდელ ივანიშვილს არ დაუთმობს. ის ამბობს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა  ბოლომდე  მისი დაკავებაც ვერ გაბედეს და გარეთ გამოაგდეს.

“ძირითადად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მირტყამდნენ. საპატრულო პოლიციაც იქვე იმყოფებოდა, მაგრამ ყველაზე დიდი აგრესიით სუს-ის თანამშრომლები გამოირჩეოდნენ. მერიის მაღალი თანამდებობის პირები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ მირტყამდნენ. მერე შეშინდნენ და სასწრაფო გამოიძახეს. მერიის აპარატის სამასხურის უფროსი, მგონი ტაბაშვილი ხედავდა როგორ მცემდნენ და ხმაც არ ამოუღია. არ არის პრობლემა ცემასაც ავიტან. უბრალოდ მილიარდერ ივანიშვილს და მის “წიტუშკებს” ანუ სუს-ის თანამშრომლებს ქალაქის გაყიდვის უფლებას არ მივცემთ”,-ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს. მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავი ჰქონდა  გატეხილი.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს. სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთელს პერიმეტრს აკონტროლებდნენ. ასევე მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამახური იცავდა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, დედაქალაქის მერმა მოქალაქეების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
პარტიის წევრების განცხადებით, სამართალდამცველებმა აქცია ძალადობრივი გზით დაშალეს. ამ ეტაპზე აქცია დაშლილია და მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვოდეა.

იტვირთბა....